ცხვირი გაწიეთ, გეთაყვა!



“ცხვირი ხან თვითონ აცემინებს, ხან – მის პატრონს. გააჩნია პილპილში ჩაყოფენ თუ საქმეში” – 
ცხოვრებისგან (და ცხვირებისგან) გამობრძმედილი ადამიანი

“ეს იმ ცხვირს გაუმარჯოს, თვითონ რომ კარგად სუნთქავს, ჩვენ კი თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს” – ლუდით სათქმელი სადღეგრძელო

ცხვირი მრავალფუნქციური ორგანოა. გარდა სუნთქვისა ის შეიძლება აიბზიკო (და კეკლუცს შეუდგე),აიბზუო (და “ფუ, გოიმი” ან “სოფლელები” თქვა), წაიტეხო (თუ ეს “სოფლელი” ჯანიანი აღმოჩნდა), გამოყო (მეტაფორულად – როცა “ცხვირის გარეთ გამოყოფას” გიკრძალავენ), რამე ამოიდინო ან ამოადინო (ძმარი, მაგალითად), დააცემინო (და “სიცოცხლის” ან “ჯანმრთელობის” გახანგრძლივების პერსპექტივით დატკბე), მოაჭამო (მუქარის ფარგლებში) და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, სხვის საქმეში მოაფათურო…

ცხვირის ფათური კი ყველაზე ხშირად ცნობისმოყვარეობის მამხილებელ რამდენიმე შეკითხვაში გამოიხატება ხოლმე:

1. “რატომ არ თხოვდები/ცოლი რატომ არ მოგყავს?” –ცხვირის დეზორიენტაცია ყველაზე უკეთ მაშინ ჩანს, როდესაც ადამიანი – ოცდახუთ წელს, მისი ნათესავების მოთმინება კი – ყოველგვარ ზღვარს სცდება.  ეს სწორედ ის დროა, როცა ნებისმიერ ფრაზას (“რა კარგი ბიჭი ხარ და…”, “აწყობილი გაქვს ცხოვრება უკვე და…”, “გარშემო ამდენი ლამაზი გოგო დადის და…”, “ნეტავი, დედაშენს, შვილო…”, “უკვე კი არის დრო, ოჯახზე რომ ფიქრობდე და…”) ერთი დასასრული აქვს და სასიძო-საპატარძლოებს ირიბად ხუთასკაციანი ღრეობისკენ მოუწოდებს.

თუმცა, თუ არც ამ მასობრივმა წნეხმა გაჭრა, საქმეში უკვე სამეზობლო არტილერია (და ჭოროპერატორების საზოგადოება) ერთვება (“ეტყობა რამე ჭირს”, “მაგას ისეთი ხასიათი აქვს, რა ცოლი გაუძლებს”, “ისე, ჩვენში დარჩეს და ოჯახში ეგეთი როგორ უნდა შეიყვანო”, “ქალო, სიგარეტს ეწევა და რამდენჯერმე დავინახე, ვიღაცამ მოიყვანა მანქანით 12 საათზე”, “ნარკომანია, ალბათ და მაგიტომ”). არადა, ცოლი არც ხორბალია (გეგმიურად რომ დათესო და შემდეგ სეზონზე მოიყვანო), არც წვიმა (მის მოსაყვანად ბაყაყების გამუსვრა რომ იყოს საკმარისი) და არც ხასიათი (მხოლოდ ანეკდოტების მოყოლით რომ მოდიოდეს).

2. “ხელფასი რამდენი გაქვს?” – ისე კი, ხელის თხოვნაზე მეტად ხშირად ხელის ფასი ფასობს ხოლმე. შესაბამისად, როდესაც ვინმე დასაქმებულ ნაცნობ-მეგობარს გადავაწყდებით, მაშინვე მისი ფინანსური მდგომარეობის განსჯას უნდა შევუდგეთ. თუმცა, ამგვარი ცნობისმოყვარეობის გამო სინდისმა მცირედით მაინც უნდა გვქენჯნოს და თავის გასამართლებლად სიმორცხვენარევი ტონით “ოღონდ, თუ საიდუმლო არ არის” დავძინოთ.

პრინციპში, არც ის მესმის, ვიღაცას ვიღაცის ხელფასი რატომ უნდა აინტერესებდეს (თუ მაინცდამაინც კრედიტ-ოფიცერი არ არის) და არც ის, ეს შეკითხვა უხერხულობას რატომ უქმნით ხოლმე. დასაქმებულია და გუნება.

“ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა ის თანხა, რომელსაც ჩემი მეზობლების ვარაუდით ვშოულობ” — ჯორჯ ბერნარდ შოუ

3. “ორსულად ხომ არ ხარ? ბავშვი არ ჰყავთ/გყავთ ჯერ?” – ვიწროდემოგრაფიული დილემა, რომელიც ცოლ-ქმარს შორის არსებული პერიოდული სექსუალური კავშირის ნათელ დადასტურებას მოითხოვს. თუმცა, რიგ შემთხვევაში, ეს სექსუალური კავშირი ცოლ-ქმრის ტვინთან უფრო ხშირად მყარდება, ვიდრე მათ შორის.

შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი კი რეფლექსურად იწვევს დანანებით-ამოოხვრითი ინტონაციით ნათქვამ  უი, რატომ?”-ს (ვისი რა საქმეა, მაგრამ მაინც), რომლის უკანაც “საწყლები, რომელიღაც უშვილოა”ეჭვი იწყებს აღმოცენებას.

4. “გასუქებულხარ. რამდენი კილო მოიმატე?” – ჭარბი ქონის ქონა სიამოვნებას არავის ანიჭებს. თუმცა, სხვისი ზედმეტი კილოგრამებისთვის ჩვენი ცხვირის წონის დამატებაც არასოდეს გვიჭირს. სამაგიეროდ, ხშირად გვავიწყდება ის, რომ ამ ადამიანს სახლში სარკე აქვს და ჩვენი რემარკების გარეშეც კარგად ამჩნევს, რომ “კილო-კალო-რიებს” ათასგვარი უცნაური დიეტით ან უვადო შიმშილობით უნდა ებრძოლოს.

5. “რატომ არ დადიხარ ეკლესიაში?” – საყვედურნარევი შეკითხვა, რომელსაც ლაიტმოტივად “შენ ხარ ქართველი, მაშასადამე შენ ხარ მართლმადიდებელი და ეკლესიაში რეგულარულად უნდა დადიოდე” პათოსი გასდევს. ზოგჯერ მისი ავტორი ადამიანთა ის კატეგორიაა, რომელსაც მარხვის დაცვა ან წირვაზე დასწრება ეამაყება და ამის დემონსტრაციას ცდილობს, ზოგჯერ – ფანატიკოსები (რომელთათვისაც ნებისმიერი “თავის გასამართლებელი” მიზეზი უბრალო მკრეხელობაა), ზოგჯერ კი – ჩვეულებრივი მორწმუნეები, რომელთაც შენზე დადებითი წარმოდგენა ჰქონდათ და ახლა უბრალოდ გული სწყდებათ, რომ “შენ ის არა ხარ, რაც მათ ეგონათ”. ამავე ციკლს განეკუთვნება ის დამამუნათებელი შეკითხვაც, რომელიც “შენ მიერ მარხვის უგულვებელყოფის ჭეშმარიტი მიზეზების დადგენას ისახავს მიზნად”.

6. “დედა უფრო გიყვარს თუ მამა?” – ბავშვის ფსიქიკის შემბილწავი და მისი მორალისთვის ამორალური ზიანის მიმყენებელი შეკითხვა, რომელსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად ნახევრად ხუმრობით სვამენ ხოლმე. თანაც, როგორ გინდა სიტუაციიდან დიპლომატიურად გამოძვრე მაშინ, როდესაც “ბოროტი ბიძაკაცები” პასუხ “ორივე”-ს მკვეთრ ვეტოს ადებენ და “მაინც, მაინც”-ის ძახილით იქამდე გიბურღავენ ტვინს, სანამ შენი რადიკალური პასუხით დედის (ან მამის) გულს ჩაწყვეტის საფრთხეს არ შეუქმნი.

7. “კარგი კაბაა. რა მიეცი?”

“ხალხი ამა თუ იმ ყალბ ნივთს იმიტომ კი არ იწუნებს, ნამდვილი არ არისო, არამედ იმიტომ რომ ეშინიათ, ვინმემ არ გაუგოს, იაფად რომ იყიდეს” – “უმანკოების მუზეუმი” (ორჰან ფამუქი)

ქართველებს გვჩვევია, რაიმეს შეთვალიერების შემდეგ რატომღაც პირველად (და მყისიერად) მისი საფასურით დავინტერესდეთ. თუ ფასი მაღალია (სამაღაზიო) – ოდნავ შეგვშურდეს, თუ საშუალო (საბაზრობო) – ყიდვა მოგვინდეს და თუ დაბალი (მეორადი) – თავი აღმატებულად ვიგრძნოთ. უმეტეს შემთხვევაში, პროდუქტსაც რეალურად მხოლოდ მისი ფასის გაგების შემდგომ ვაფასებთ, რადგან პროდუქტის ხარისხის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ჩვენთვის სწორედ ის ხდება, რომ ეს პროდუქტი “ძალიან ძვირია”.

8. “სახეზე რა გჭირს?” – ისიც ტრადიციაა, ადამიანის შუბლსა თუ ნიკაპზე არსებული გამონაყარი რომ შენიშნო და მაინცდამაინც ამ მუწუკის წარმომავლობით დაინტერესდე. დამუწუკებულის პასუხი, რა თქმა უნდა, ზოგადია: “რავი, გოგო, გამომაყარა” (ისედაც თვალსაჩინო ფაქტის უმწეო გამართლება),“ღმერთმა იცის” (ღმერთის ფართო ცოდნის ვისიმე ვიწრომუწუკობრივ დონემდე დაყვანა), “ალერგია მაქვს, მგონი” (წინასწარ შემუშავებული ტყუილი მსგავსი ინტრიგანული შეკითხვების მოსაგერიებლად),“რაღაც მქონდა და გამიღიზიანდა” (“ვიჩიჩქნე” ზმნას მოკლებული, მაგრამ მგულისხმებელი განმარტება) და სხვა მრავალი.

პ.ს: “თუკი, გრძნობთ, რომ თქვენს საქმეში კიდევ ბევრი ცხვირია ჩაყოფილი, უბრალოდ, გამოიყენეთცხვირ-სახოცი და ხელის მარტივი მოძრაობით ულმობელად ამოხოცეთ ისინი” – ამონარიდი “ტელემარკეტის” რეკლამიდან

7 thoughts on “ცხვირი გაწიეთ, გეთაყვა!

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s